ევროკომისარი საგარეო საქმეთა საკითხებში, ფედერიკა მოგერინი განცხადებას ავრცელებს
რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა, – ამის შესახებ ნათქვამია იმ განცხადებაში, რომელიც ევროკომისარმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
როგორც ევროკავშირის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოგერინიმ და ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ამავე განცხადებაში ნათქვამია რომ, გუშინდელი შეხვედრის დროს მხარეებმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზეც ისაუბრეს.
“ჩვენ ხაზი გავუსვით ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობას. რეფორმების გეგმა ისეთ არსებით სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, კანონის უზენაესობა და სასამართლო არის მნიშვნელოვანი. ამ რეფორმების განხორციელება საქართველოს ტრანსფორმაციას და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს, რითიც ქვეყნის მოქალაქეები სარგებელს მიიღებენ”, – წერია მოგერინის განცხადებაში.
ევროკომისარი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. მისივე თქმით, რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმება კი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა.