22 წლის სტუდენტს არასწორად გაკეთებული ოპერაციის გამო შესაძლოა, ხელის ძვალი მეტალით შეუცვალონ – დაზარალებული პაციენტი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართავს

22 წლის სტუდენტი მარია ბაღდასაროვი მისთვის არასწორად გაკეთებული ოპერაციის გამო შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართავს და მისთვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესწავლას ითხოვს,- ამის შესახებ მარია ბაღდასაროვმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
როგორც მარიამ განმარტა, საყოფაცხოვრებო ტრავმის შედეგად მას იდაყვში ძვლის ამოვარდნილობა ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ორი ოპერაციისა, პრობლემა უფრო მეტად გამწვავდა და მესამე ოპერაციას საჭიროებს. მარიამ ბაღდასაროვის განცხადებით, მდგომარეობის გაუარესება პირველი ოპერაციის დროს დაშვებულმა შეცდომამ განაპირობა. მისი თქმით, ოპერაციისას შეტანილი იყო ინფექცია, რომლის შემდეგაც გოგონას ხელი დროსთან ერთად უფუნქციო გახდა. პაციენტმა შპს „ტრავმატოლოგის“ ექიმი ტატიანა აკობია, ვინაც მას ოპერაცია გაუკეთა, გულგრილობაში დაადანაშაულა და მის უხეშობაზე ისაუბრა.10389964_933922803319231_5039915659249414983_n
„მარჯვენა იდაყვის ძვლის ამოვარდნილობის გამო 2014 წლის 9 სექტემბერს შპს „ტრამვატოლოგში“ ექიმმა ტატიანა აკობიამ გამიკეთა ოპერაცია, იდაყვის ძვლის ჩაყენება და ოსტესინთეზი მეტალური ჩხირებით. ოპერაციის შემდეგ დამიჩირქდა ხელი. ქალბატონი ტატიანა ჩემს ჩივილებს ყურადღებას არ აქცევდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. ამის გამო კატეგორიული უარი ვთქვი მასთან მეორე ოპერაციის გაკეთებაზე. მეორე ოპერაცია სხვა ექიმმა, ბატონმა ნუგზარ იარაჯულმა გამიკეთა, ამომიღო ჩხირები, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. ამ ორი ოპერაციის შემდეგ კი მაქვს საშინელი ტკივილები, ვღებულობ ტკივილგამაყუჩებლებს. ჩავიტარე გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ აუცილებელია მესამე ოპერაცია. მივმართავ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, დამეხმარონ გარკვევაში, რა ოპერაცია ჩამიტარა ქალბატონმა ტატიანამ და რატომ მჭირდება მესამე ოპერაცია.
ფაქტობრივად, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ, ისევ ძვლის ამოვარდნილობა მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტი ვარ, ხშირად მიწევს წერა, თუმცა დაზიანებული ხელი პრობლემებს მიქმნის არა მარტო სწავლაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტატიანა აკობიამ მომაყენა ფიზიკური, მატერიალური და მძიმე მორალური ზიანი. ამის გამო მოვითხოვ, განცხადებაში აღნიშნული ფაქტების მოკვლევა დაიწყოს“,- განაცხადა მარია ბაღდასაროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები