„შსს ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს თანამიმდევრულად ასრულებს“

შინაგან საქმეთა სამინისტრო “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის ვიქტორ დოლიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წინაშე მდგარ საფრთხეს შეეხება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შსს თანამიმდევრულად და განუხრელად ასრულებს.

“ვეხმაურებით ბოლო პერიოდში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, ბატონი ვიქტორ დოლიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წინაშე მდგარი საფრთხის შესახებ საუბრობს და რამდენიმე ე.წ. პრობლემურ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა შორის მისი მოსაზრებით არის სახელმწიფო საზღვრის დაცვა და მთავრობის მხრიდან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ინტენსიური კომუნიკაციის ნაკლებობა. სინამდვილეში უკანასკნელ წლებში როგორც საზღვრის მართვის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მხრივ მნიშვნელოვანი სამუშაოა გაწეული:

• სასაზღვრო -გამტარი პუნქტები, რომელთა რაოდენობა შეადგენს 20–ს, უზრუნველყოფილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, შესაბამისი აღჭურვილობით და სრულად ახორციელებს მგზავრთა ნაკადების შეუფერხებელ და უსაფრთხო გატარებას;

• სულ საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფილია 65 სასაზღვრო სექტორის შეუფერხებელი მუშაობა, მკაცრი კლიმატური და რთული რელიეფური პირობების მიუხედავად;

• სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 10 რეგიონული სამმართველო და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 სამმართველო (ფოთი და ბათუმი) უზრუნველყოფს სასაზღვრო სექტორების მუშაობას (პატრულირება, ბლოკ–პოსტებისა და სასაზღვრო პოსტების ორგანიზება და სხვა) 24- საათიან რეჟიმში;

• ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე (მაგ. ბაქო–თბილისი–ყარსის სატრანსპორტო დერეფანი) დამატებით შენდება ახალი გამტარი პუნქტები, როგორიცაა, მაგალითად, კარწახის სარკინიგზო და სახმელეთო გამტარი პუნქტი;

• საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის უშუალო მეთვალყურეობით სასაზღვრო პოლიციაში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 5 800 000 ლარი და განხორციელდა 10 ახალი სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა სხვადასხვა სექტორების საგზაო ინფრასტრუქტურითა და წყლის ჭაბურღილებით უზრუნველყოფა;

• 65 სასაზღვრო სექტორიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 39 სექტორს, სადაც სტანდარტების თანახმად უზრუნველყოფილია მესაზღვრეთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები;

• მიმდინარე წელს იგეგმება და ხორციელდება დამატებით 12 სასაზღვრო სექტორის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი 14 სექტორის სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო წლებში წარიმართება;

• სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციისა და უნიფიკაციის ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში, პირველი სამი წლის განმავლობაში მთლიანად იქნება დასრულებული სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურის განახლება;

• 2014 წელს ამერიკული მხარის დახმარებით სასაზღვრო პოლიციაში განხორციელდა რადიოსისტემების სრული განახლება, რაც სასაზღვრო სექტორებსა და განწესში მყოფ მოსამსახურეებს შორის არა მარტო ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში გაცვლის შესაძლებლობას იძლევა, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით GPS სისტემის მეშვეობით შესაძლებელს ხდის სასაზღვრო ზონაში მოძრავი განწესების რუკაზე რეალურ რეჟიმში ხედვასა და მონიტორინგს;

• სასაზღვრო პოლიციაში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, კერძოდ, შემუშავებულია სახელმწიფო საზღვრის ელექტრონული მართვის კონცეფცია, რაც ელექტრონული კომუნიკაციების სისტემების დახვეწასთან ერთად გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის ტექნიკური დაცვის საშუალებებით აღჭურვას, როგორიცაა ელექტრო სენსორებისა და ვიდეოკამერების მონტაჟი;

• მუდმივად მიმდინარებს მესაზღვრეთა საბაზისო მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამების დამუშავება და გაუმჯობესება შსს აკადემიის ბაზაზე, სადაც უზრუნველყოფილია როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მეცადინეობის საშუალებები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მესაზღვრეთა პროფესიული გადამზადება სამუშაო ადგილებზე. მესაზღვრეები პროფესიულ მომზადებასთან ერთად უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი სამუშაო პირობებითა და სახელფასო ანაზღაურებით, გასული წლის განმავლობაში მესაზღვრეთა ხელფასი გაზრდილი იქნა ორ ეტაპად.

რაც შეეხება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას და ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციას:

• 2013 წლიდან დღემდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზე მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უნგრეთის, გერმანიის, ავსტრიის, ბელგიის და ესპანეთის შს მინისტრებთან. შეხვედრებზე ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის, კერძოდ კი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს;

• 2015 წლის 29 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კვიპროსელ, ფინელ, ავსტრიელ, პოლონელ, პორტუგალიელ, ბელგიელ, გერმანელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან;

• გარდა ამისა, 2013-2015 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოების და განმტკიცების მიზნით გააფორმა 25 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება, აქედან 16 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება დადებულ იქნა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან;

• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეების მეშვეობით. 2013-2014 წლებში საქართველომ მიავლინა პოლიციის ატაშეები ავსტრიაში, საბერძნეთსა და საფრანგეთში. სამომავლოდ იგეგმება პოლიციის ატაშეების მივლინება გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და პოლონეთში. პოლონეთიდან აგრეთვე მოხდება ბალტიის ქვეყნების დაფარვა.

ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ბატონი დოლიძის განცხადებაში არის საკმაოდ ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფო საზღვრის მართვის და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და პროცესი დააზიანოს. მტკიცედ გვჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესი სახელმწიფო საზღვრის მართვის და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით, ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს“, -ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ამასთანავე, შსს გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები