გუდაური-კობის მონაკვეთზე მცირე შეზღუდვებია
გუდაური-კობის მონაკვეთზე მცირე შეზღუდვის გარდა, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე გადაადგილება თავისუფალია. როგორც “კვირას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.
დეპარტამენტის განცხადებით, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში შესაძლებელია ცალმხრივად. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. საქართველოს მასშტაბით, გზის ყველა დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.