28 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, შაბათს 28 თებერვალს გაიმართება. ხვალ კი, ბიუროს სხდომა ჩატარდება, სადაც სესიის დღის წესრიგი განისაზღვრება – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. დეპუტატის თქმით, ასეთი შეკრების სურვილი უმრავლესობას არ გააჩნია, ვინაიდან სხდომა ცირკი და აბსურდი იქნება, მაგრამ რადგან მმართველი გუნდი კონსტიტუციას პატივს სცემს, რიგგარეშე სხდომა შაბათს დაინიშნა.
ხიდაშელის განმარტებითვე, სხდომაზე განხილული იქნება ლარის კურსის თემა და ეკონომიკური საკითხები, როგორც ეს უმცირესობამ რიგგარეშე სხდომის დანიშვნის დროს მოითხოვა. “რიგგარეშე სხდომის გამართვის საკითხი გადაწყვეტილების მიღებას არ ექვემდებარება, რადგან ჩვენ კონსტიტუცია პირდაპირ გვავალდებულებს, რომ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს. ხვალისთვის შეკრება ძალიან რთული იქნება, ამიტომ გადაწყდა, რომ სხდომა შაბათს ჩატარდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხიდაშელმა კომიტეტების, ფრაქციებისა და უმრავლესობის ლიდერთან გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ.
რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატები რიგგარეშე სხდომის ფორმატში, 48 საათში უნდა შეიკრიბონ. შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ორი დღის წინ მოსთხოვა. პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სხდომის მოწვევა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები