საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ბოიკო ბორისოვს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა სურვილი საქართველო-ბულგარეთს შორის კავშირები კიდევ უფრო გააქტიურდეს. მისი განცხადებით, არსებობს ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების პოტენციალი, განსაკუთრებით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საერთაშორისო გადაზიდვების თვალსაზრისით, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის ორი ქვეყნის ეკონომიკას. შეხვედრაზე, განხილული იქნა ბულგარეთში მიმდინარე პროცესები და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. პრემიერ-მინისტრის განაცხადებით, უკრაინის საკითხი შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვისთვის მნიშვნელოვანია.
როგორც დავით უსუფაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოსა და ბულგარეთს შორის სრული ურთიერთგაგება არსებობს. ბულგარეთმა დემოკრატიული განვითარების, სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეების კეთილდღეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ის ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა გახდა, სწორედ ამ გზით სვლა აქვს გადაწყვეტილი საქართველოსაც. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს ბულგარეთის მხარდაჭერას. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვს ხვდება. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები: თედო ჯაფარიძე და ლევან ქარდავა შედიან, ოფიციალურ ვიზიტს 27 თებერვალს დაასრულებს.