თინა ხიდაშელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაუპირისპირდა
გიორგი ქადაგიძე ბოლო სამი თვის განმავლობაში მიზანმიმართულად მოქმედებდა, რათა ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პანიკა სისტემური ყოფილიყო -ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
როგორც ჟურნალისტებთან ხიდაშელმა განმარტა, ეროვნულმა ბანკმა პანიკის შექმნაში დიდი როლი ითამაშა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში პანიკა არ დაიწყოს, საჭიროა დამაჯერებელი განცხადებები გაკეთდეს და შესაბამისი რეგულატორის მხრიდან ქმედებები განხორციელდეს.
“იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პანიკას ებრძოდეს, ის გუშინ გამოვიდა და პანიკის დათესვაში ახალი ფურცელი გადაშალა, როცა თქვა, რომ ქვეყანაში იმპორტი შემცირდება. მას ამას საერთოდ ვინ ეკითხება?! ვურჩევდი, თავის საქმეს მიხედოს. გარდა ამისა, როდესაც ბაზარზე დეფიციტია, მნიშვნელოვანია, დეფიციტს რა ფორმით პასუხობ და რამდენად ადეკვატური ხარ პასუხში. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი აქაც არაადეკვატური იყო. ბოლო სამი თვის განმავლობაში, გიორგი ქადაგიძე მიზანმიმართულდ მოქმედებდა, რათა პანიკა სისტემური ყოფილიყო და მოსახლეობის დასამშვიდებლად არაფერი გაკეთებულიყო“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის “უმოქმედობამ” მიიყვანა.
როგორც ყოფილი პრემიერის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდის მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი “ექსპერტები”.