დავით ზალკალიანი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახდა
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, “თავისუფალი დემოკარტების” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზალკალიანი გახდა. დღეს ფონდის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელზეც განიხილეს ორგანიზაციული საკითხი. ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა დავით ზალკალიანი. ფონდის გამგეობამ მადლობა გადაუხადა ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი გოგსაძეს გაწეული საქმიანობისთვის.
მათივე ცნობით, ფონდი არის დამოუკიდებელი, არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2010 წელს. მისი დამფუძნებლები არიან ლევან მიქელაძის ოჯახი, მეგობრები და კოლეგები. ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში გაერთიანებული არიან ცნობილი დიპლომატები და საერთაშორისო ექსპერტები: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე რიჩარდ არმიტიჯი, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩები – კენტ ბრაუნი, უილიამ კორტნი, კენეტ იალოვეცი, რიჩარდ მაილისი. ავსტრიისა და ბელგიის სამეფოს ყოფილი ელჩები საქართველოში ჰაიდე მარია გიურერი და დანიელ დელ მარმორი. ბრუკინგსის ინსტიტუტის ამერიკა – ევროპის ცენტრის დირექტორი ფიონა ჰილი და სხვები.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მისიაა, XXI საუკუნის გამოწვევების ფონზე ხელი შეუწყოს საქართველოს როლის და ფუნქციის გამოკვეთას, საქართველოს და მისი სამეზობლოს შესახებ ცოდნის გარღმავებას და გავრცელებას. ფონდის საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: განათლება, სამეცნიერო კვლევა, საქართველოსა და მის სამეზობლოში სხვადასხვა კულტურებს, ერებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგებისა და დიალოგის ხელშეწყობა. ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიაში მიმდინარე პროცესების სიღრმისეული შესწავლაა. ლევან მიქელაძის ფონდის ინფორმაციით, ფონდმა უკვე განახორციელა მრავალი პროექტი, მათ შორის: დისკუსიები აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებზე; სატელევიზიო მედიის რეგულირება საქართველოში; საჯარო ლექციების სერიები საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ; უმცირესობათა ინტეგრაცია საქართველოში – ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები (ჯავახეთის მაგალითი); აკადემიური ნაშრომების კონკურსი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.