ლინას ლინკევიჩიუსი: ჩვენი შეშფოთებები უკვე გულის ამრევია

ჩვენი შეშფოთებები უკვე გულის ამრევია, რამდენჯერ შეიძლება შეშფოთების გამოხატვა? – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე საუბრისას, “ამერიკის ხმის” ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე განმარტებით, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები საუბრობენ, უკრაინაში აგრესია გრძელდება. მისი თქმით, მხოლოდ ილუზიაა, რომ რაღაც ხდება და პროცესი წინ მიდის.
“თუ მოვლენებს თავის სახელს არ დავარქმევთ, თუ დავიმალებით, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები გაქრება. ეს-ესაა დავბრუნდი ნიუ- იორკიდან, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას ვესწრებოდი. დავთვალეთ, რომ უკრაინის საკითხზე ზუსტად 30 სხდომა გაიმართა. ვსვამ კითხვას: რას მივაღწიეთ? რა მოგვიტანა ამდენმა სხდომამ, ამდენმა ხელის ჩამორთმევამ და ოფიციალურმა შეხვედრამ? მხოლოდ ილუზია, რომ რაღაც ხდება და პროცესი წინ მიდის. სინამდვილეში კი, იმ დროს, როდესაც ლიდერები საუბრობენ, აგრესია გრძელდება”, – აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
რაც შეეხება საკითხს, რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას საერთაშორისო საზოგადოებამ, რომ გადაიჭრას უკრაინის კრიზისი, ლინას ლინკევიჩიუსის თქმით, ნაბიჯები თითქოს განსაზღვრულია, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდის, ზოგიერთი კოლეგისათვის რაღაც ისევ არ არის საკმარისი.
“უკვე ბევრჯერ გადავწყვიტეთ, რომ თუ ვითარება გართულდება, გავზრდით [რუსეთზე] ზეწოლას და დავუწესებთ დამატებით სანქციებს. თითქოს ამაზე შეთანხმებულები ვართ, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდის, ზოგიერთი ჩვენი კოლეგისათვის რაღაც ისევ არ არის საკმარისი. მათ, როგორც ჩანს, სჭირდებათ, კიდევ რაღაც მოხდეს, რომ უკვე მერამდენედ გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება, რაც ასე კარგად გამოგვდის”, – განმარტავს ლინას ლინკევიჩიუსი.

ამასთან, ინტერვიუში ლინას ლინკევიჩიუსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ უკრაინა არ არის ერთადერთი თემა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ აღნიშნულ კონტექსტში უნდა განიხილოს.

“არის აფხაზეთი და არის 2008 წლის საქართველოს მაგალითი. აფხაზეთის ვითარება ძალიან ჰგავს ყირიმს, იმ განსხვავებით, რომ იქ ამჯერად “მწვანე ადამიანები” არ შეუყვანიათ. თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გზით მოხდა ამ ტერიტორიის დე ფაქტო ანექსია. არის სხვა გაყინული კონფლიქტებიც, რომელთა გააქტიურების შემთხვევაში [რუსეთს] შეუძლია ზეწოლის ბერკეტების ხელში ჩაგდება. სამწუხაროდ, ეს ბერკეტები გამოიყენება და საკმაოდ ეფექტურად”, – აცხადებს ლინას ლინკევიჩიუსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები