ცისკარიშვილი ივანიშვილის განცხადებას ეთანხმება და ქაგადიძის ქმედებებში “საბოტაჟის ნიშნებს ხედავს”

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი “კვირასთან“ საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით გავრცელებულ საგანგებო განცხადებას აფასებს. ცისკარიშვილი იზიარებს ყოფილი პრემიერის შეფასებას, რომ ლარის კურსის ვარდნა ეროვნული ბანკის არაეფექტურმა მუშაობამ გამოიწვია.
მეტიც, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქმედებები და განცხადებები გარკვეულწილად საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს.
“მე შემიძლია დავადასტურო იგივე განწყობა, რაც გამოხატა ბიძინა ივანიშვილმა. მუდმივად ვსაუბრობდი იმაზე, რომ ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როცა გამოდიოდა ტელევიზიით, აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომელიც მთავრობის პოლიტიკური ოპონენტის განცხადებებს უფრო ჰგავდა, შესამჩნევი იყო, როგორ ასწავლიდა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ჭკუას. მას ლარის კურსის ვარდნაში მთელი თუ არა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. დააკვირდით, როგორ მოქმედებს მოლოდოვის ეროვნული ბანკი და გაავლეთ პარალელი ჩვენს ეროვნულ ბანკთან, გიორგი ქადაგიძის ქმედებებში საბოტაჟის ნიშნებს ვხედავ“, – განუცხადა “კვირას“ ცისკარიშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის “უმოქმედობამ” მიიყვანა. როგორც ყოფილი პრემიერის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი “ექსპერტები”. “სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე.
ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე. ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით, რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი – 34%, მოლდოვა – 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120 მლნ. დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო. ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები”, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერი განცხადებაში, რომელსაც ”საზოგადოება 20/30“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები