პუშკინის ქუჩის N19-სა და N25-ში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა
პუშკინის ქუჩის N 19-სა და N25-ში არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში გაზიფიცირება დასრულდა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა და კომპანია „ყაზტრანსგაზის“ ხელმძღვანელმა გია ბენაშვილმა განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
დედაქალაქის მთავრობის დავალებით, თბილისის განვითარების ფონდმა პუშკინის N19-სა და N25-ში მობინადრეების მიმართ აღებული ვალდებულებები შეასრულა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და გაზიფიცირების შემდეგ, საკუთარ სახლებში 30-მდე ოჯახი დააბრუნა.
პუშკინის ქუჩაზე გაზიფიცირების პროცესი 2014 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოები კომპანია „ყაზტრანსგაზმა“ ეტაპობრივად განახორციელა. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, თბილისის განვითარების ფონდი კვლავაც აქტიურად აგრძელებს მუშაობას.
„წელს ჩვენ ქალაქის ისტორიულ ნაწილში 160-მდე ოჯახს მოვუწესრიგებთ საბინაო ფონდთან დაკავშირებულ პრობლემებს. ყველა პროექტი, რომელიც ხარვეზიანი იყო და წინა მმართველობისგან გადმოვიბარეთ დასრულდება, ისევე, როგორც 2015 წლის ბიუჯეტიდან განხორციელდება ახალი პროექტები და ოჯახების საბინაო პირობები გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ეს წინა პერიოდში იყო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თემურ ხომერიკის თქმით, ფონდმა აღებული ვალდებულებები შეასრულა, პუშკინის ქუჩაზე გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა და ყველა ოჯახი დაუბრუნდა თავის საცხოვრისს. „ყაზტრანსგაზის“ ხელმძღვანელის გია ბენაშვილის თქმით, კომპანია კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს დედაქალაქის მერიასთან და თბილისის განვითარების ფონდთან. მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით სამუშაოები გრძელდება. პუშკინის ქუჩის N 6-8, 9, 10, 11, 13,15, 19, 21, 23, 25 და დიუმას №28-ის საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და შიდა რემონტი თბილისის განვითარების ფონდმა ჩაატარა. შეიცვალა, ასევე, საკომუნიკაციო სისტემები და სანიაღვრე ქსელი. მთლიანობაში საცხოვრებელი პირობები 48 ოჯახს გაუუმჯობესდა. ამასთან, მიმდინარე წელს პუშკინის ქუჩის N19-ში დაგეგმილია ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.