კობა კობახიძე ვახტანგ ხმალაძეს აკრიტიკებს და ნინო გვენეტაძის დანიშვნას ეწინააღმდგება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი კობა კობახიძე, გუშინ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მომხდარი შელაპარაკების გამო, კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს აკრიტიკებს და ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნას ეწინააღმდგება.
კობახიძის განცხადებით, 2005 წელს ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის დროს სააპელაციოში გამოტანილი უკანონო განაჩენი ძალაში დატოვა. ბრალდებული პირი ვაკე- საბურთალოს რაიონის პროკურორი ბორის მჭედლიძე იყო, რომელსაც მის მოადგილესთან და გამომძიებელთან ერთად ქრთამის აღებაში ედებოდა ბრალი. ბრალდებულ მჭედლიძეს მაშინ სწორედ კობა კობახიძე იცავდა, რომლის განცხადებითაც მჭედლიძე საქმეში სრულიად უდანაშაულო იყო.
„გამომძიებელი ქრთამის აღების ფაქტზე დაიჭირეს, მისი ჩვენებით პროკურორის მოადგილის ბრალეულობა გამოიკვეთა, მოადგილემ კი დაკითხვისას განაცხადა, რომ საქმეში პროკურორი მჭედლიძეც მონაწილეობდა. სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობდა. სააპელაციომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ნინო გვენეტაძემ კი უზენაესში განხილვისას ეგ განაჩენი ძალაში დატოვა. მე გუშინ ვაპირებდი ამის თქმას კომიტეტის სხდომაზე, მაგრამ ვახტანგ ხმალაძემ ამის საშუალება არ მომცა“, – აღნიშნა კობა კობახიძემ. კობახიძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე მჭედლიძემ 2 წელი პატიმრობა მოიხადა, მის მოადგილესთან გერმანოზაშვილთან და გამომძიებელთან კი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. საქმესთან დაკავშირებით მჭედლიძის მხარემ სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა, თუმცა როგორც კობახიძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს მოგვიანებით საჰაერო კარიბჭესთან დაკავშირებითაც წაუყენეს ბრალი, რა დროსაც მას ქრთამის საქმეზე სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანა აიძულეს. კობახიძე გვენეტაძესთან ერთად ბრალს ეკა ბესელიასაც უყენებს. მისი თქმით, მას არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია, ან რაიმე მტკიცებულება, თუმცა იცის, რომ უზენაესში ქრთამის საქმის განხილვისას გარკვეულ თანხაზე უნდა ყოფილიყო ლაპარაკი. მისი ინფორმაციით, თანხა ეკა ბესელიას უნდა მიეღო და ნინო გვენეტაძესთან შუამავლობა გაეწია. „ქვედა ინსტანციის საქმის შემდეგ, როცა უზენაესმა ეს საქმე გვენეტაძის თავმჯდომარეობით განიხილა და მან ეს განაჩენი ძალაში დატოვა, საქმეში ჩართული იყო ეკა ბესელიაც. საკასაციო საჩივრის „ლაითად“ დაწერა მთხოვა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ფულზე იყო საუბარი, თუმცა არ მაქვს მტკიცებულება, რომ ქრთამი უნდა აეღო გვენეტაძეს და შუამავალი უნდა ყოფილიყო ბესელია, მაგრამ იმის მტკიცებულება ნამდვილად მაქვს, რომ ეკა ბესელია იყო ჩართული ამ საქმეში. რატომ იყო ჩართული, რა ესაქმებოდა მას, ვის რაში სჭირდებოდა მისი რეკომენდაციები?“- აცხადებს კობა კობახიძე. კობახიძე მიიჩნევს, რომ თუნდაც ამ საქმის გამო გვენეტაძე წარდგენილ პოსტზე არ უნდა დაინიშნოს და მჭედლიძის საქმე ხელახლა იქნას შესწავლილი.