ბოტულიზმით დაავადებულ პაციენტთა მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ბოტულიზმით დაავადებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა – ამის შესახებ „კვირას“ ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მორიგე-ექიმმა განუცხადა.
მისივე თქმით, ორივე პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ორივე მათგანი ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატზე იმყოფება.
ბოტულიზმის შემთხვევა თბილისში 25 იანვარს დაფიქსირდა. ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან ორი ერთი ოჯახის წევრია. პაციენტები მარნეულიდან არიან და მათ სახლის პირობებში დაკონსერვებული საკვები მიიღეს. თავდაპირველად ოთხივე მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ამ ეტაპზე დედა-შვილი მკურნალობას განყოფილებაში აგრძელებენ, ხოლო ორი რეანიმაციაში რჩება. ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, სიფრთხილით მოეკიდონ ასეთ საკვებს და მიღებამდე ის თერმულად დაამუშავონ.
ბოტულიზმი – მწვავე ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა, რომლის გამომწვევია სპორებიანი ბაცილა (ანაერობული მიკროორგანიზმი — Clostridium botulinum) და მისი ტოქსინი, რომელიც აზიანებს უმთავრესად ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ბოტულიზმი უმძიმესი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ინტოქსიკაციით (მოშხამვით) და ნერვული სისტემის დაზიანებით. დაავადება ვითარდება ტოქსინიანი პროდუქტის მოხმარებიდან 18-36 საათში, მაგრამ დამოკიდებულია მიღებული ტოქსინის რაოდენობაზე და მერყეობს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე.
ბოტულიზმისთვის დამახასიათებელია მხედველობის გაორება, არტიკულაციისა და ყლაპვის დარღვევა, თვალის ქუთუთოს დამბლა. აღინიშნება აგრეთვე მუცლის ყრუ ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე. მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფის დაღუპვა რამდენიმე საათში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები