მინდია ჯანელიძე თბილისში რუსული სატრანზიტო ნომრებიანი ავტომანქანების გამოჩენას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ”აბსურდს” უწოდებს ინფორმაციას, რომ თბილისში გუშინ გამოჩენილი რუსული სატრანზიტო ნომრებიანი ავტომანქანები სამხედრო დანიშნულებისაა. როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომანქანები უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი მიზნით მომხდარიყო. მისივე თქმით, ნებისმიერი ორმაგი დანიშნულების ტვირთის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე ხდება თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და ზედამხედველობით.
“ეს არის სრული აბსურდი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი სამხედრო ტვირთის, ნებისმიერი ორმაგი დანიშნულების ტვირთის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და ზედამხედველობით ხდება. ამიტომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მე მოვისმინე უამრავი აპოკალიპტური სცენარი, თუმცა სინამდვილეში ეს იყო მანქანები სპეციალური ნომრებით, რომლებსაც ქვეყნის გარეთ გასვლა არ შეეძლო და საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს. კერძოდ, ძალიან მარტივი მიზეზით და მოტივით – უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი სახით მომხდარიყო. მანქანები მართალია, ხაკისფერია, მაგრამ მათ არ ჰქონიათ არც სამხედრო ნომრები და არც ამ კუთხით, სხვა რაიმე აღმნიშვნელი ნიშანი”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. გუშინ, სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებული იყო სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები