გაზის ტარიფის გადახედვა მხოლოდ იურიდიულ პირებს შეეხებათ

გაზის ტარიფის გადახედვა მხოლოდ იურიდიულ პირებს შეეხებათ – აცხადებს „ყაზტრანსგაზ თბილისის” ხელმძღვანელი გია ბენაშვილი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისი” გაზის 100 %-ს ყიდულობს.
“გაზის საყიდლად ჩვენ ვიხდით დოლარს და ვყიდით ლარებში. ტარიფები, რომელიც დღეს მოქმედებს, არის დადგენილი 2007-2008 წლებში. მას შემდეგ ლარმა განიცადა ცვლილებები. კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა, რომ შიდა რეზერვებით მოეგვარებინა პრობლემები  და ეს ტარიფებს არ შეხებოდა”, – განაცხადა გია ბენაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ოქტომბრიდან მოყოლებული მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების გამო თითქმის 11 მილიონ ლარამდე დაკარგა. ბენაშვილი აცხადებს, რომ დღესდღეობით სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები მოქმედებს, თუმცა კომპანიამ უკვე მიმართა მას. შექმნილია კომისია, რომელსაც დეტალურად აქვს ინფორმაცია მიწოდებული.
“კომპანიას აღარ დარჩა შიდა რეზერვები, რის ხარჯზეც შეიძლება გააკეთოს ყველაფერი – იყიდოს გაზი და თბილისს გაზმომარაგების პრობლემა არ ჰქონდეს. საქართველოს მთავრობაც იხილავს ამ საკითხს და უახლოეს მომავალში გეცნობებათ ამის შესახებ. ტარიფების გადახედვა შეეხებათ იურიდიულ პირებს და არა მოსახლეობას”, – განაცხადა გია ბენაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები