ნუკრი ქანთარია: „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების მოზიდვა დაიწყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების მოზიდვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აუცილებელია პარტიაში მეტი პროფესიონალი და იდეისთვის მებრძოლი ადამიანები იყვნენ.
„პარტია „ქართული ოცნება“ მშენებლობის პროცესს იწყებს და ამ კუთხით აქტიურდება. ამდენი არჩევნების ფონზე პარტიის მშენებლობისთვის დრო არ იყო. იწყება ახალი სახეების მოზიდვა, მაგრამ ის, რომ ისინი აუცილებლად მოაზროვნეებიდან უნდა იყვნენ, ასე არ არის. მათგანაც შეიძლება რამდენიმე ადამიანის შერჩევა. ვიცი, რომ მოსიძესთან იყო ამ საკითხზე საუბარი, თუმცა არ ვიცი, როგორია მოსიძის პოზიცია. აუცილებელია ახალი სახეები, პროფესიონალები, ინტელექტუალები, რომლებიც პარტიაში სხვა სიცხადეს შეიტანენ. 2011 წელს საომარი მდგომარეობის გამო ხალხის შეკრების ერთადერთი პრინციპი იყო, რომ ჩვენთან დამდგარიყვნენ. დღეს ეს ამოცანა დაძლეულია და ახლა სხვა ამოცანების წინაშე ვდგავართ. საჭიროა იმ ადამიანების მოძიება, რომლებიც იდეისთვის და საკუთარი ქვეყნის უკეთესი დღისთვის საბრძოლველად მოვლენ“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ქანთარიას განცხადებით, მმართველ გუნდს არჩევნების არ ეშინია, და თუ ამის აუცილებლობა დადგა, „ქართული ოცნება“ ამაზეც წავა.