„რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, მარგველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაკლებ ოდიოზური შემადგენლობა ერთად მოგვევლინებიან“
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იმ შესაძლო პოლიტიკური სამეულის შექმნის შესახებ ისაუბრა, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“ და პრეზიდენტი მარგველაშვილი მოიაზრებიან.
ლორთქიფანიძის განცხადებით, პოლიტიკური იდეით და პლატფორმით „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მონათესავე პარტიები არიან. მანვე პოლიტიკურ ერთობაში პრეზიდენტთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ნაკლებ ოდიოზური შემადგენლობის ყოფნის შესაძლებლობაც განიხილა.
„ევროპარლამენტის შესაბამისმა ფრაქციამ პირდაპირ გააჟღერა მოწოდება, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ საერთო ენა უნდა გამონახონ და მომავალი არჩევნებისთვის აუცილებლად გაერთიანდნენ. ევროპარლამენტის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შემადგენლობის მიერ გაკეთებული ასეთი განცხადება მიგვანიშნებს იმაზე, რომ მომავალი საპარლამენტო შემადგენლობა აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ლიბერალური ფრთით. ეს ორი პარტია ულტრალიბერალებს განეკუთვნებიან. „ლიბერალური ინტერნაციონალის“ წევრობა, როგორც მინიმუმ, გულისხმობს მათი ღირებულებების ხმამაღლა დეკლარირებას, რაც ერთსქესიანთა ქორწინებასაც გულისხმობს. ალასანია და უსუფაშვილი იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან აპოლოგეტები იმ ყველაზე ულტრალიბერალური ფსევდოღირებულებებისა, რომლის ერთგულებაც მათ უფლებას აძლევთ, დასავლეთის მხარდაჭერით ისარგებლონ. ბატონი მარგველაშვილიც ამ ლიბერალურ ფასეულობათა მიმდევრებს განეკუთვნება. „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სუბიექტი და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაკლებ ოდიოზური შემადგენლობა, პარლამენტში მომავალი კონფიგურაციის განმსაზღვრელი იქნება“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.