პრემიერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელმარ ბროკთან შეხვედრისას განაცხადა, ეს ვიზიტი იქნებოდა კარგი შესაძლებლობა იმის დასადასტურებლად, რა მიღწევები აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესსა და ევროკავშირთან ურთიერთობებში. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაზე ისაუბრეს. “შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პოლიტიკური მნიშვნელობა, რაც პრემიერ-მინისტრმა მორიგ ისტორიულ ნაბიჯად და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შექმნის მნიშვნელობას, რომელიც საპარლამენტო დონეზე სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობას ისახავს მიზნად”, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.