დიმიტრი ლორთქიფანიძემ საგანელიძე ქუცნაშვილის წინააღმდეგ ინტრიგებში დაადანაშაულა
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესზე ისაუბრა. პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატი ლორთქიფანიძემ დადებითად დაახასიათა, მის მიმართ სიმპათია გამოხატა, თუმცა აქვე საპარლამენტო უმრავლესობა და მისი ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობის წევრი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის უფლებების დარღვევაში და ინტრიგებში დაადანაშაულა. ლორთქიფანიძის განცხადებით, საგანელიძე მისივე უმრავლესობის ზურგს უკან არაკონსტიტუციურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
„ნინო გვენეტაძის მიმართ ჩემი სიმპათიები მე ადრეც გამოვხატე. ჯერ კიდევ 2013 წელს ვაცხადებდი ინტერვიუებში, რომ მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მოვიაზრებდი. რაც შეეხება თავად კანდიდატების ინიცირებას, მე ვთვლი, რომ მე-14 მუხლის უგულებელყოფა მოხდა. ქუცნაშვილის კანდიდატურას, რომელიც სამასამდე არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერილი იყო, მხარი არ დაუჭირა საკუთარმა უმრავლესობამ.
ეს იმ პირობებში, როდესაც 18 ადამიანის ხელმოწერით შევიდა პეტიცია, რომლის თანამხადაც აღმოჩნდა, რომ არავითარი კრიტერიუმები უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის განხილული არ ყოფილა. გამოდის, რომ საგანელიძე საკუთარი უმრავლესობის ზურგს უკან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ე.წ. კრიტერიუმებზე, რომელიც ანტიკონსტიტუციურია თავისი არსით და პირდაპირ მიმართული იყო მისთვის არასასურველი კანდიდატის, ზაქარია ქუცნაშვილის ამბიციების ჩასახშობად. მან უხეშად დაარღვია მისივე უმრავლესობის წევრის სრულიად კანონიერი უფლება, დასახელებული და მხარადაჭერილი ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე “, – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ამ პროცესების და ინტრიგების ფონზე 80-90 % -ით შესაძლებელია, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა ჩავარდეს. „ამ თემის ირგვლივ მომხდარ ინტრიგებზე პასუხისმგებლობას მე პირადად, ერთპიროვნულად ბატონ საგანელიძეს დავაკისრებდი“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ. ლორთქიფანიძემ საგანელიძესთან ერთად ვახტანგ ხმალაძეც გააკრიტიკა. მისი თქმით, მისთვის გაუგებარია საკომიტეტო მოსმენის დროს რატომ აუკრძალა ხმალაძემ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელს, რომ გვენეტაძისთვის კითხვა დაესვა.