ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე რუსეთის მიერ სეპარატისტულ რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებებზე ისაუბრეს

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან სეპარატისტულ რეჟიმებთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს დაეთმო. ქართულმა მხარემ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ე.წ. “შეთანხმებების” შინაარსისა და იმ საფრთხეების შესახებ, რასაც აღნიშნული “შეთანხმებების” სისრულეში მოყვანა შეიცავს. თბილისის მხრიდან მკაფიოდ აღინიშნა, რომ რუსეთის ანექსიური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე რეგიონალურ და ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას.
“მოვისმინეთ პრაქტიკულად ყველა წევრი ქვეყნის შეფასება აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით. მოკავშირეების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. მათ დაგმეს აღნიშნული ე.წ. “ხელშეკრულებები” და მათი მხრიდან მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯები არის გაგრძელება კრემლის დიდი სტრატეგიისა, რომ აღიდგინოს ე.წ. გავლენის სფეროები სამეზობლოში”, – განაცხადა შეხვედრის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი განცხადებით, სხდომაზე მოკავშირეების მხრიდან დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ.
„გამოითქვა მზაობა დახმარება გაუწიონ საქართველოს, როგორც ნატოს არსებითი პაკეტის იმპლიმენტაციის, ასევე ქვეყანაში სხვადასხვა სფეროებში რეფორმების განხორციელების მიმართულებით”, – აღნიშნა მინისტრმა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისის ხდომის დაწყებამდე, თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იანს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე განხილული იქნა ნატო-საქართველოს დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, არსებითი პაკეტის იმპლიმენტაციის მიმდინარეობა, ასევე ისაუბრეს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების მიმართულებით სამომავლო ამოცანებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები