ნინო გვენეტაძე: სასამართლო კორპუსი მზად უნდა იყოს, თავი გაართვას ადამიანთა უფლებების აღდგენას
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე შესაძლებლად მიიჩნევს სასამართლო სისტემის ფარგლებში ახალი სტრუქტურის შექმნას, რომელიც საქმეთა გადასინჯვას განახორციელებს. როგორც გვენეტაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენებისას განაცხადა, ქვეყანამ პოლიტიკური ნება წარსულში მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების გადახედვის მექანიზმის შესაქმნელად გამოხატა და ერთ-ერთი მექანიზმი იყო პროექტი, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას ითვალისწინებდა. მისი თქმით, ეს სათანადო საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს საჭიროებს, რაც პარლამენტის პრეროგატივაა, მაგრამ “სასამართლო კორპუსი მზად უნდა იყოს, თავი გაართვას ხარვეზების გამოსწორებას და ადამიანთა უფლებების აღდგენას, რაც 9 წლის განმავლობაში დაგროვდა. “აღნიშნული პროექტის განხილვაში და გარკვეული პროცედურების შექმნაში მონაწილეობას ვიღებდი. ვიცნობ 15 მოდელს გარდამავალი მართლმსაჯულების ეტაპზე, სადაც სახელმწიფოებმა დროში გაწელილად, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოახერხეს და სამართლებრივი მექანიზმები შექმნეს, რომელიც სამართლიანობის აღდგენას და სიმართლის დადგენას ემსახურება. ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან ერთ-ერთ ასეთი მექანიზმად შეთავაზებული იყო, რომ ეს პასუხისმგებლობა თავად სასამართლოს აეღო. სასამართლოში ახალი სტრუქუტურის მიერ, თუნდაც უზენაესი სასამართლოს ან აპელაციის დონეზე, საქმეთა გადასინჯვა დაიწყოს და სასამართლომ შეძლოს იმ შეცდომების გამოსწორება – განაჩენთა გადასინჯვის მხრივ, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები დაზიანდნენ”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.