ჯეიმს აპატურაი: საწვრთნელი ცენტრის გახსნა საფრთხეს არავისთვის არ წარმოადგენს

„ნატო-სა და საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი ალიანსის ინფრასტრუქტურა არ არის“ – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლმა ინტერვიუში აღნიშნა, ალიანსი საქართველოში ნატო-ს ბაზას არ აშენებს.
„ეს არ არის ნატო-ს ბაზა. ეს არის საქართველოს ბაზა, საქართველოს სუვერენული ტერიტორია. ერთობლივი იქნება წვრთნების კალენდარი, რომელსაც საქართველო და ნატო ერთად შეადგენენ. წვრთნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს პროფესიონალიზმის გაზრდაში და თავსებადობის ამაღლებაში დაეხმარება. ნატო-ს პარტნიორებიც მიიღებენ სარგებელს საქართველოს გამოცდილების გაზიარებით. ჩვენ, ნატო არ დავდივართ და არ ვაშენებთ ინფრასტრუქტურას პარტნიორ ქვეყნებში. საქართველოში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გაიხსნება. ეს გადაწყვეტილებაა, რომელიც ნატომ და საქართველომ უკვე მიიღეს“,- განაცხადა აპატურაიმ.
ამასთანავე, აპატურაი აცხადებს, რომ საწვრთნელი ცენტრის გახსნა საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს. აპატურაის ინფორმაციით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. „ორგანიზაციის წევრები ბუქარესტის გადაწყვეტილების ერთგულნი რჩებიან, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. მე არ ვიცი, ამ გზის დასასრული როდის იქნება, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა“,-განაცხადა აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები