დავით სუჯაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი საქართველოში ლატვიის ელჩს ელიტა გაველეს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან მნიშვნელოვანი იყო. განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა და უკრაინის კრიზისი. ლატვია და საქართველო პარტნიორები არიან ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელიც აქვს საქართველოს რეფორმების კუთხით. ლატვია ყოველთვის იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა ლატვიის ელჩმა საქართველოში ელიტა გაველემ.
სუჯაშვილმა კი აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ლატვია მომავალშიც საქართველოს მხარდამჭერი იქნება.
„დღეს გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივ პროექტებზე, შემდგომი თანამშრომლობის გეგმებზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხებზე. ლატვიის ელჩს დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ ვუამბეთ. 1921 წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა, რომელსაც ქართველი იუნკერებისა და პატრიოტების სიცოცხლე შეეწირა. ჩვენი კურსი უცვლელია და ლატვია მომავალშიც საქართველოს მხარდამჭერი იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა დავით სუჯაშვილმა.
დავით სუჯაშვილმა და ლატვიის ელჩმა შეხვედრისას ასევე ისაუბრეს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე რიგაში გაიმართება, სადაც საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები