„ჩემთვის მისაღებია ჟვანიასა და უსუპოვის გაგუდვის ვერსია, მაგრამ ვფიქრობ, ბინაში რაღაცები შეცვალეს“

„იმ ეჭვისთვის, რომ ჟვანიასა და უსუპოვის გარდაცვალება იყო მკვლელობა, საკმარისი საფუძველი უნდა გაგაჩნდეს. შევისწავლე რა ეს საკითხი, მე ვერ მოვიპოვე ეჭვისთვის საკმარისი საფუძველი, რომ ეს იყო მკვლელობა“, – აღნიშნული განცხადება პეტრე მამრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მამრაძის განცხადებით, მას ჟვანიასა და უსუპოვის მოწამვლით გარდაცვალების სჯერა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ბინაში სიტუაცია გააყალბეს და არაორდინალური სიტუაციის „გამოსწორების“ მიზნით, იქ ბევრი რამ შეცვალეს. მამრაძის თქმით, ეს მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილს შეეძლო, რომ ადეიშვილთან და მერაბიშვილთან ერთად გადაეწყვიტა.
„ჩემთვის მისაღები იყო ის ვერსია, რასაც ამერიკელები და სხვები მეუბნებოდნენ, და რაც ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და მხუთავი გაზით გაიგუდნენ იმ ბინაში, თუმცა პირველივე დღიდან მქონდა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ შემთხვევის ადგილზე არსებული სიტუაციის ფალსიფიცირება და უხეში ჩარევა მოხდა. იქ ცალი ფეხსაცმელი უსუპოვის სხეულზე, ანაბეჭდების არქონა და მრავალი სხვა ამას მიუთითებდა. როდესაც „ჰაკიმ ფაშას“ კადრები გვაჩვენეს, მე ყველას შევახსენე, რომ იმ კადრებში ზურაბისა და უსუპოვის ცხედრები იატაკზეა გადაღებული, აცვიათ პერანგები, და ეს მაშინ, როცა მთელი დღე ზურაბ ჟვანიას ცხედარს გვაჩვენებდნენ, რომელიც კოსტიუმში გამოწყობილი სავარძელში იჯდა. ვიღაცამ ხომ ეს ყველაფერი გააკეთა. ხარშილაძემ და ძაძამიამ დაიწყეს მოყოლა იმისა, რომ როცა ბინაში შეაღწიეს, არაორდინალური სიტუაცია იყო. ხარშილაძის სიტყვებით, ამ სიტუაციის გამოსწორება დაიწყეს. თუმცა ვერავინ თავად ვერ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომ ბინაში შექმნილი სიტუაციის გამოსწორება და გაყალბება დაეწყოთ. ეს მხოლოდ პრეზიდენტ საკაშვილს შეეძლო, რომ ადეიშვილთან და მერაბიშვილთან ერთად გადაეწყვიტა. მე მოვუწოდებ ყველას, თქვან სრული სიმართლე ამ საქმეზე“,- განაცხადა პეტრე მამრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები