გიგა ბუკიამ იურიდიული კომიტეტის ჩაშლილი სხდომის მიზეზები განმარტა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიგა ბუკიამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო გვენეტაძის პარლამენტში ჩაშლილი მოსმენის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, იურიდიულ კომიტეტში გვენეტაძის მოსმენის ჩავარდნა არ შეიძლება მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლებს დაბრალდეს.
ბუკიას განმარტებით, იურიდიულ კომიტეტში 15 წევრია, რომლიდანაც 7 ოპოზიციის წარმომადგენელია. დეპუტატის განცხადებით, არცერთი ოპოზიციონერი საკომიტეტო მოსმენაზე არ გამოცხადდა.
„კომიტეტის სხდომა რომ დაიწყოს, მას წევრთა ნახევარზე მეტი უნდა ესწრებოდეს. იურიდიულ კომიტეტში 15 წევრია, რომლიდანაც 7 ოპოზიციის წარმომადგენელია. არცერთი ოპოზიციონერი არ მობრძანდა, რომ სხდომა გახსნილიყო. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, პიროვნება ვერ მოვიდა იმის გამო, რომ მას დედის გარდაცვალების წლისთავი ჰქონდა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ კომიტეტი ფრაქციის სხდომას დაემთხვა. მათ თქვეს, რომ ფრაქციას ჯერ საბოლოო პასუხი არ აქვს, რომ კომიტეტის სხდომაზე მათ თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ, რის გამოც „ქართული ოცნების“ ფრაქციამ კომიტეტის სხდომის გადადება ითხოვა“,- განაცხადა გიგა ბუკიამ.
მისი თქმით, ზოგადად, ფრაქციაში ნინო გვენეტაძის მიმართ კეთილგანწყობილი პოზიციაა, მაგრამ ჯერ პოზიცია სრულად ჩამოყალიბებული არ არის. ბუკიას განცხადებით, გვენეტაძე ერთ-ერთი ის ღირსეული კანდიდატია, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც სასამართლო დამოუკიდებელი იქნება.
ბუკიას განცხადებით, საკითხის უფრო კარგად შესასწავლად კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს კონსულტაცია გაემართა უმრავლესობასთან და მისი კანდიდატურის შესახებ წინასწარ ეცნობებინა, რომ უმრავლესობას პოზიცია საკითხთან მიმართებაში უფრო ადრე შეეჯერებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები