გიგა ბუკიამ ლარის კურსის ვარდნის მიზეზები განმარტა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლარის კურსის ვარდნის და დოლარის გამყარების მიზეზები განმარტა. ბუკიას განცხადებით, ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა არა ხელისუფლების არასწორმა მოქმედებებმა, არამედ გარე ფაქტორებმა განაპირობა. „ამის პირველი მიზეზია ის, რომ რეგიონში ფაქტობრივად ომი მიმდინარეობს.
უკრაინისა და რუსეთის დაპირისპირებისა და სანქციების გამო არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში ეკონომიკური შოკი და კრიზისია. დოლარი ყველა სხვა ვალუტასთან მიმართებაშიც გამყარდა. ამის გარდა, 35%-ით შემცირებულია საქართველოში გადმორიცხვები რუსეთიდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ფაქტორია ის, რომ შემცირებულია ტურიზმი. ტურიზმი არა მარტო ჩვენთან, ყველგან შემცირებულია, დუბაიშიც კი, რომელსაც ამ რეგიონთან შეხება არ აქვს. ამავე დროს, ჩვენ 2013 წლიდან საგარეო ვალების გადახდა დავიწყეთ.
2013 წელს ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გადავიხადეთ, უფრო მეტი თანხა გადავიხადეთ 2014 წელს. ეს არის პირდაპირ დოლარის გადინება. რა ვალებსაც წინა ხელისუფლება წლების განმავლობაში იღებდა, ახლა ჩვენ გვიწევს იმ ვალების გადახდა. ამის გარდა, შემცირებულია ექსპორტი.
ეს არის ის რეალობა, რაც ქვეყანაში დოლარის ნაკლებობას ქმნის. ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობა რეგიონში დოლარის გამყარებას უწყობს ხელს“,- აღნიშნა გიგა ბუკიამ. ბუკიას განცხადებით, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი ბევრად უფრო წინ სწევს დოლარის კურსს, ვიდრე ის რეალურად არის. დეპუტატის განმარტებით, აუცილებელია მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ტურიზმს. მისი თქმით, ამ მიზნით ევროპის 28 ქვეყანაში აგიტაცია მიმდინარეობს, გაშვებულია რეკლამები იმისთვის, რომ საქართველომ ტურისტები მიიზიდოს. გარდა ამისა, კანონმდებლის განმარტებით, დამატებით მოძიებული უნდა იქნას საინვესტიციო პროექტები. გიგა ბუკიას ვარაუდით, თუ გარე ფაქტორები უფრო მეტად არ გაუარესდა, გაზაფხულისთვის ლარი 2 ნიშნულს ჩამოსცდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები