კანონში ცვლილების თანახმად, 2011 წლამდე უკანონოდ შეჭრილ მიწებზე დასახლებულ მოსახლეობას შენობა- ნაგებობების დაკანონების საშუალება მიეცემა
თბილისის საკრებულოს ურავლესობის წევრმა, მიწის ლეგალიზაციის კომისიის ხელმძღვანელმა ბექა ნაცვლიშვილმა საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მიწის ლეგალიზების საკითხთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
ცვლილების თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ შეჭრილ მოსახლეობას, რომელთაც აღნიშნულ ფართობზე განთავსებული აქვთ შენობა- ნაგებობა, მიწის დაკანონება შეეძლება. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული დაკანონება მხოლოდ 2007 წლამდე შეჭრილ მოსახლეობას ეხება, ცვლილების შემდეგ კი ამის უფლება მიეცემათ იმ ოჯახებსაც, რომლებიც კონკრეტულ ადგილებზე უკანონოდ 2011 წლამდე ჩასახლდნენ.
„დღეს მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ იმ მიწის ლეგალიზაცია ხდება, სადაც ადამიანი თვითნებურად შეიჭრა 2007 წლამდე და 2007 წლამდე განათავსა იქ კაპიტალური შენობა – ნაგებობა. რადგანაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე, 2007 წლის შემდეგაც ბევრ ადგილას თვითნებურად შეიჭრა და იქ სახლის ჩადგმა მოახერხა, ამიტომ ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს და ვადას 2011 წლამდე ვახანგრძლივებთ. მომავალში უკვე მიწის ლეგალიზებას შეძლებენ ადამიანები, რომელთაც მიწის ნაკვეთი 2011 წლამდე დაიკავეს და განათავსეს იქ შენობა- ნაგებობა. ჩვენს განხილვას დაექვემდებარება საკითხი, თუ დაიწყეს ადგილზე შენობა- ნაგებობის განთავსება, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა არ მისცეს მათ ამის უფლება და მათი მიწის ნაკვეთი მშენებარედ ითვლება“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.