პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან ერთად იუნკერების მემორიალს პატივი მიაგო
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მთავრობის წევრებმა ტაბახმელაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არავინ არასდროს არ უნდა დაივიწყოს. მისივე თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტს ვერანაირი ძალა ვერ შეუშლის ხელს.
“ერთი საუკუნის წინ ოკუპანტთა ჯარმა, რომელსაც ზურგს ადგილობრივი გამყიდველები უმაგრებდნენ, პირველი ქართული რესპუბლიკა დაამხო. მას მერე ჩვენ, ვინც აღვადგინეთ ახალი ქართული სახელმწიფო და დავარქვით მას საქართველო, ვიხსენებთ ამ დღეს და მტკიცედ ვამბობთ, რომ ვეღარასდროს ვეღარ შეძლებს სხვა ქვეყნის ძალა შეცვალოს ჩვენთან ჩვენი დამოუკიდებელი, სუვერენული და საქართველოს სამსახურში მდგარი სახელმწიფო წყობა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკების მე-11 არმიამ თბილისი დაიკავა და ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. იუნკერების ბრძოლა კოჯორთან და ტაბახმელასთან ერთ-ერთი გმირული ეპიზოდია საქართველოს ისტორიაში. პარლამენტის დადგენილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.