გიორგი მარგველაშვილი: ველოდებით, რომ მოვისმენთ შექმნილი ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას

ჩვენ ველოდებით, რომ მოვისმენთ შექმნილი ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნის კომენტირებისას განუცხადა.
”ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა.
მარგველაშვილის განმარტებით, სხდომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში იქნება მიღებული. საუბარია 24- საათიან ვადაზე.
“შექმნილი ვითარების ანალიზი ჩვენ ბევრი კომპეტენტური პირისგან დეტალურად მოვისმინეთ. ახლა ველოდებით, რომ მოვისმენთ ამ ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას. ამ ანალიზში ჩვენ ვხედავთ დეტალურ გაშლას, თუ რა იყო არსებული სიტუაციის განმაპირობებელი ფაქტორი. დღეს ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვადა ამის გადასაწყვეტად და ამ კონსტიტუციურ ვადაში გავცემთ პასუხს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” გუშინ პრეზიდენტს მიმართა, 27 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები