„ტყემალაძე მისთვის გამოყოფილი საწვავის ლიმიტს არ გადაცდენილა“

„გიორგი ტყემალაძე მისთვის გამოყოფილი საწვავის ლიმიტს არ გადაცდენილა“- აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ნაცვლიშვილის განმარტებით, მან ტყემალაძის მიერ დამწვარი საწვავის ოდენობა თავად შეამოწმა.
„ტყემალაძეს, როგორც საკრებულოს ნებისმიერ წევრს, თანამდებობის პირს, რომელსაც ემსახურება მანქანა, აქვს გამოყოფილი ლიმიტი და ამ ლიმიტს ტყემალაძე არ არის გადაცდენილი. მე ვკითხე მას, ჩავიხედე და შევამოწმე, რამდენი საწვავი დაიხარჯა“,- აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მონიტორინგის ქსელ „მედიატორის“ დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ 5 თვეში 4 ტონა საწვავი მოიხმარა. ხაბეიშვილმა ინფორმაციის საფუძვლად მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტი დაასახელა.
„ჩვენ გამოვითხოვეთ საკრებულოს საწვავის ხარჯები 2014 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით. „რეკორდსმენი“ აღმოჩნდა გიორგი ტყემალაძე, რომელიც ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. მან 4 ტონა ბენზინი დახარჯა ამ 5 თვის განმავლობაში. გამოდის, რომ ბატონი ტყემალაძე დღეში 22 ლიტრ ბენზინს მოიხმარდა. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანს ემსახურება ავტომობილი „KIA”, რომელიც იმიტომ შეარჩიეს, რომ ნაკლებ საწვავს მოიხმარს. გამოდის, რომ ეს ადამიანი დღეში 200 კილომეტრს გადიოდა, რაც საკრებულოს დეპუტატისთვის არარეალურია“, – აცხადებს ხაბეიშვილი. გიორგი ტყემალაძე პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძის ვაჟია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები