„მერის მოადგილეებს კორუფციულ გარიგებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ“

თბილისის საკრებულოს ურავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.
ნაცვლიშვილის შეფასებით, მერის მოადგილეების საკითხს ზედმეტი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან რომელიმე მათგანის სხვა პოზიციაზე ან სხვა სამსახურში გადასვლა არ ნიშნავს, რომ ისინი გაშვებულნი არიან. მისი განმარტებით, თუ ისინი სამუშაო ადგილს, ან პოზიციას შეიცვლიან, ეს მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ადამიანები სხვა პოზიციებზე უფრო ნაყოფიერები იქნებიან.
საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, მერის არცერთ მოადგილეს კორუფციულ გარიგებებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„მაგალითად, მერის მოადგილე მარგიშვილი ახალშექმნილ აიპ-ში გადავა, რომელიც თბილისში ინვესტიციების მოზიდვაზე იმუშავებს. მას ამ კუთხით საკმარისი გამოცდილება აქვს. იქ უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს და მუნიციპალიტეტის მუშაობასაც უფრო მეტად გამოადგება. რაც შეეხება გიორგი ხელაიას, ჩემი ინფორმაციით, ის სამსახურს ინარჩუნებს. ეს აჟიოტაჟი პოლიტიკური ბრძოლის ის მანკიერი მხარეა, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ახასიათებთ. ამას დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და სწორი ინფორმაცია მივიღოთ. ამ ორ ადამიანს კორუფციულ გარიგებებთან და სამართლებრივ გადაცდომებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. კორუფციული ფაქტები ადრეც ხდებოდა, ხდება დღესაც, თუმცა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლების დროს ასეთ ფაქტებზე მყისიერია რეაგირება და დამნაშავე ადამიანები ისჯებიან“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ბექა ნაცვლიშვილი გეგი ნიჟარაძის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ნიჟარაძის თანამდებობიდან გათავისუფლება დღის წესრიგში არ დგას. ნაცვლიშვილმა „ნაციონალები“ პოლიტიკურ ბრძოლაში არაეთიკური, ფლიდური ბრძოლის მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა და ნიჟარაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
„ნიჟარაძის თანამდებობიდან გადაყენება დღის წესრიგში არ დგას, და თუ ვინმე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, პირველ რიგში, მე ვიქნები ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ეს ნამდვილად არ იგეგმება. მას ჯერ უნდა დაუმტკიცდეს ბრალეულობა. არ შეიძლება არაეთიკურად ჩაწერილი ვიდეოების მიხედვით ვიმსჯელოთ, რადგან შინაარსობრივ პაექრობაში „ნაციონალები“ ვერ შემოდიან და ერთადერთი, რაც დარჩა, ისაა, რომ ასე ჩაწერილი ვიდეოებით იმსჯელონ. ამ ფლიდური ბრძოლის მეთოდების გამო ჩვენ ჩვენს თანამებრძოლს და თანამოაზრეს ვერ გავწირავთ. ის არ იმსახურებს ამას, იმიტომ რომ ის თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები