ნინო ბურჯანაძე: რუსეთთან ურთიერთობების დალაგება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირება.
როგორც ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში „არჩევანში“ განაცხადა, ის რუსეთში მაშინაც კი ჩადიოდა, როდესაც რუსეთის ხელისუფლების მიმართ მწვავე განცხადებებს თავადვე აკეთებდა.
მისივე თქმით, იგი არასოდეს არ ყოფილა წინააღმდეგი, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა დაელაგებინა.
„პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებდი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, მაშინაც კი, როდესაც მე ხელისუფლებაში ვიყავი და როდესაც ძალიან მწვავე განცხადებებს ვაკეთებდი რუსეთთან დაკავშირებით, ჩავდიოდი რუსეთში, ჩავდიოდი მოსკოვში, ჩავდიოდი სანქტ-პეტეერბურგში და მწვავე გამოსვლის ფონზე, პარალელურად ვესაუბრებოდი ადამიანებს. მქონდა შეხვედრები მათთან, როგორც წესი ღია იყო ეს შეხვედრები. ამ შეხვედრების დროს ყოველთვის ვეძებდი, გამოსავლის შესაძლებლობებს. რომ როგორ გაგვეუმჯობესებინა, მაშინაც კი, ეს მძიმე ურთიერთობები რუსეთთან. არასოდეს არ ვყოფილვარ მე იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთთან ურთიერთობები დალაგებულიყო. პირიქით, მე ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ საქართველოსთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში „არჩევანში“.