გიორგი მარგველაშვილი: არც უკრაინას დაუწყია ომი და არც საქართველოს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინულ გამოცემა “День”-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთთან ომის წამომწყები არც საქართველოა და არც უკრაინა.
“არც ერთ ქვეყანას, უკრაინის ჩათვლით, არ სურს ომი. არც საქართველოს, არც უკრაინას არ დაუწყიათ ომი. ასე რომ ჩვენი მხრიდან რაციონალური მიდგომა პრევალირებს. ჩვენ ველით ძალიან პრინციპულ პოზიციას ჩვენი პარტნიორების მხრიდან. რა თქმა უნდა, საუბარია არა ომზე ორიენტირებაზე, არამედ ჩვენი სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობასა და სტაბილიზაციაზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ამავე ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობას აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ასპექტები და მასთან ერთადერთი სწორი მიდგომა პრაგმატული პოლიტიკაა.
“პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ერთადერთი სწორი გზაა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ერთის მხრივ, გვაქვს პოზიტივი კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებში, მეორეს მხრივ _ ნეგატივი რუსეთის ხელისუფლების ქმედებების სახით, რომელმაც 2014 წლის ბოლოს ოკუპირებულ აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.