დავით საგანელიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, მიკროფონი პიარისთვის გამოიყენოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს. დავით საგანელიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში მორიგი სპექტაკლის გამართვა სურს.
„ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში მხოლოდ პიარით და ქვეყნის დანგრევით ცხოვრობდა. ახლაც აინტერესებს ერთი რამ, რომ რაც შეიძლება მეტი სპექტაკლი, სანახაობა მოაწყოს მთავრობაში, თუ პარლამენტში. ამის მცდელობა ჰქონდათ გუშინ თუ გუშინწინ მთავრობის სხდომაზე, როდესაც „ნაცმოძრაობის“ გარკვეული წარმომადგენლები შესასვლელთან ფურცლებს აფრიალებდნენ, რომ ვითომ სხდომაზე დასწრება სურდათ. მეორე, ახლა იმიტომ უნდათ პარლამენტში ასეთი სხდომის ჩატარება, რომ ისევ და ისევ სურთ დემაგოგიის გზას მიყვნენენ და მიკროფონი პიარისთვის გამოიყენენონ.
მე მიმაჩნია, რომ დღეს ახლა გართობის და ცირკის და სპექტაკლების დრო არ არის. ამ ყველაფერს ჯობია საქმე გავაკეთოთ“, – აღნიშნა დავით საგანელიძემ. შეგახსენებთ, რომ საპარალმენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა პარტიის სახელით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. პარლამენტის წევრი პრეზიდენტისგან ითხოვს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართოს, სადაც მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.