ირმა ნადირაშვილს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

იურისტი მაგდა კოტრიკაძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და დეპუტატს საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს.
კოტრიკაძის ინფორმაციით, ნადირაშვილმა ის ორგანიზაცია „დემოკრატიის ჟანგბადს” დაუკავშირა და განაცხადა, თითქოს იურისტი გარკვეულ ფინანსებს ყოფილი პრემიერისგან იღებდა. კოტრიკაძის აზრით, ნადირაშვილის ბრიფინგი მის მიერ ჩატარებული კვლევების პასუხი იყო.
„მე მას მივმართავ, 48 საათის განმავლობაში გამოვიდეს, მოუხადოს საზოგადოებას ბოდიში, უარყოს აღნიშნული ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე გამოვიყენებ კონსტიტუციურ უფლებას და ამასთან დაკავშირებით მივმართავ სასამართლოს,” – აცხადებს იურისტი მაგდა კოტრიკაძე.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ადვოკატი ირმა ჭკადუა განმარტავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული პირები ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან სოლიდურ გრანტებს იღებდნენ.
„აქ არ არის საუბარი ათას და 2 ათას ლარზე, აქ საუბარია მილიონებზე. ვინაიდან ამ სიაში მოხვდნენ ქალბატონ ირმა ნადირაშვილთან დაახლოებული პირები, ამის გამო გახდა თავდასხმის ობიექტი ქალბატონი მაგდა,” – განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაცია „დემოკრატიის ჟანგბადს” ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები