“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტს მიმართავს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს. პარტია სხდომის ჩატარებას 27 თებერვალს ითხოვს. როგორც პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ სხდომას უნდა დაესწროს პრემიერ-მინისტრი, ვიცე – პრემიერები და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები.
“ქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ინტერესს. ხდება ჩვენი მოქალაქეების სწრაფი გაღარიბება. ეს კრიზისი სახეზეა და მთავრობის უნიათობის, არაკომპეტენტურობის, გაუმართლებელი და დამღუპველი პოლიტიკის შედეგია. ამ კრიზისის გათვალისწინებით, სასწრაფო ღონისძიებად მიგვაჩნია, რომ ჩატარდეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომა, რომელზეც უნდა მოვიდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერები, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, რათა პარლამენტმა იმსჯელოს ამ კრიზისულ ვითარებაზე და მოძებნოს გამოსავლის გზები”, – განაცხადა გაბაშვილმა.