“ვიცოდი,რომ ლევან ჯაში სამთავრობო წრეებიდან მოგზავნილი „ნასედკა“ იყო“

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აჭარის რეგიონსა და უმაღლეს საბჭოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ლევან ჯაშთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ლევან ჯაში არის ადამიანი, რომელიც ცენტრალური მთავრობის დავალებით რეგიონის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს უსმენდა.
„აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ერთ-ერთი მრჩეველი არის ვინმე ლევან ჯაში, რომელიც რამდენიმე კი არა, ძალიან ბევრ ადგილზე მუშაობს. ეს ადამიანი ბათუმში არჩილ ხაბაძის მრჩევლად ჩამოიყვანეს. რატომ უნდა ყოფილიყო მისი მრჩეველი ადამიანი, ვინც ბათუმი ან რეგიონი არ იცის, არ იცნობს მოსახლეობას. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს კაცი სამთავრობო წრეებიდან იყო მოგზავნილი „ნასედკა“, იმისათვის, რომ ჩემი გუნდის ის კადრები ეკონტროლებინა, რომლებიც სამთავრობო სტრუქტურებში არიან.
ეს კაცი სხვადასხვა წარმომადგენლებთან ჩამწერი აპარატებით დადიოდა და ისე ელაპარაკებოდა მათ. ამ კაცს ფეისბუქის სპეციალური ჯგუფი ჰყავდა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ უბინძურეს ჭორებს აგროვებდა. ეს თითქმის ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ახლა რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია შეუქმნია, რომელსაც „დემოკრატიის ჟანგბადი“ ჰქვია. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კაცი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები