ნინო გოგუაძე არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობამ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს
“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი დეპუტატი ნინო გოგუაძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ნინო გვენეტაძეს მხარი არ დაუჭიროს. ასეთ შემთხვევაში გოგუაძე “ნაციონალური მოძრაობისა” და ხელისუფლების ერთობლივ ინტერესებს ხედავს. მისი თქმით, მიზანი შესაძლოა იყოს ის, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურტის ჩაგდების შედეგად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობა კოტე კუბლაშვილის მოადგილემ ზაზა მეიშვილმა შეასრულოს.
“აქ ძალიან ბევრი პოლიტიკური ნიუანსი იკვეთება, მათ შორის, ის, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტმა ერთ-ერთი იმ კრიტერიუმით შეარჩია, რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიგურა და დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას კი, დამოუკიდებელი ფიგურები არ მოსწონს და არ აწყობს. თუ დააკვირდებით, სახელისუფლებო თანამდებობის პირები იმ ნიშნით არიან შერჩეულნი, რომ რაც შეიძლება დამოკიდებულნი იყვნენ საერთო გუნდურ თუ ერთი კაცის გადაწყვეტილებაზე. ალბათ, ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ჩააგდებენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო გოგუაძემ.