საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. ფრაქციების თავმჯდომარეებმა – სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი აბესაძემ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა შარშანდელთან შედარებით ორჯერაა შემცირებული.
,,საქართველო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, ამ დროს კი თბილისის მთავრობა სრულიად არაადეკვატურად იქცევა. იმ ფონზე, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება „ქამრების შემოჭერაზე“ საუბრობს, მერია ამცირებს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ეკონომიკური განვითარების ზრდას შეუწყობს ხელს. მაგალითად, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა შარშანდელთან შედარებით ორჯერაა შემცირებული. გარდა ამისა, რომელი „ქამრების შემოჭერაზეა“ საუბარი, როდესაც დღეს ბიუროზე გადის საკითხი ბაღების სააგენტოსთვის 3 ძვირად ღირებული ავტომანქანის შეძენის თაობაზე, რომლის ღირებულება 100 ათას ლარს შეადგენს. ასევე 580 ათასი ლარია გამოყოფოლი სარეკლამო დროის შესყიდვაზე. ანუ გამოდის, რომ ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი პიარისათვის და რეიტინგისთვის, არ ნიშნავს არამიზნობრივ ხარჯებს“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. აბესაძემ კი განაცხადა, რომ ნარმანია იმ პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, რაც დედქალაქში დგას, არაადეკვატურია. ,,ნათელია, რომ ნარმანია ახლაც არაადეკვატურია იმ პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, რაც დედაქალაქში დგას. კანცელარიის შენობის განათებაზე კომპანიისთვის ავანსად 331 ათასი ლარია გადახდილი, ხოლო დღეს დიდი ალბათობით საკრებულოს უმრავლესობა ხმას მიცემს, გულუას ქუჩაზე მდებარე შშს შენობის განათებაზე დახარჯოს 340 ათასი ლარი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩინოვნიკების სამუშაო ადგილების კეთილმოწყობასა და ფუფუნებაზე ზრუნვა. ამიტომ მოვუწოდებთ ნარმანიას, შეცვალოს ინსტრუქცია, რადგან დღეს ქალაქში ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები დგას, ვიდრე მსგავსი ტიპის ხარჯების გაწევა“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.