მურმან დუმბაძემ ნინო გვენეტაძის მოსმენის ჩაშლის გამო დეპუტატები არასახელმწიფოებრივ აზროვნებაში დაადანაშაულა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იურიდიულ კომიეტეტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსმენის ჩაშლის გამო დეპუტატები გააკრიტიკა და ისინი არასახელმწიფოებრივ აზროვნებაში დაადანაშაულა.
დუმბაძე მიიჩნევს, რომ იურიდიულ კომიტეტში ნინო გვენეტაძის მოსმენა დეპუტატებმა სპეციალურად ჩაშალეს. ვიცე-სპიკერი ვარაუდობს, რომ ისინი ცდილობენ, ამით მთავრობის დაკვეთა შეარულონ და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა სესიაზე არ გავიდეს.
„ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ჯერ გუშინ, 12:00 საათზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურისთვის უნდა მოესმინა, შემდეგ გადაიდო რამდენიმე საათით და მეორედ ჩანიშნული მოსმენაც გადაიდო. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფოებრივი აზროვნების სერიოზულ დეფიციტს განიცდის. თუ ადამიანი არ მოგწონს, ხმა არ უნდა მისცე, მაგრამ ასეთი ტრიუკებით და საკომიტეტო მოსმენების ჩაშლა მიუღებელია. მოსახლეობას არც ყოფილი ხელისუფლება მოსწონს და აღარც „ქართული ოცნება“. ეს შემიძლია დადასტურებით გითხრათ. დღევანდელი ხელისუფლება უკიდურესად არაეფექტურია. როცა პარლამენტის უმრავლესობა აბუჩად იგდებს პროცედურულ დემოკრატიას, როცა ამბობს, რეგლამენტი რომ შენ ერთმა ინსტიტუციამ მეორე ინსტიტუციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას უნდა მოუსმინოს, მაშინ უნდა მოუსმინო, დაუსვა კითხვები და თუ არ მოგწონს, არ მისცე მას ხმა. ეს საკომიტეტო სხდომა დეპუტატებმა ორჯერ სპეციალურად ჩაშალეს. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი კომიტეტის წევრი არ ვარ, მე მისული მაინც ვიყავი, რომ მომესმინა ნინო გვენეტაძისთვის, რადგან მაინტერესებდა, მაგრამ ადგილზე მისულს მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი დამხვდა, მეტი არავინ. კომიტეტის სხდომის ორჯერ ჩაშლა აშკარად ნიშნავს იმას, რომ ზემოდან, მთავრობიდან არის დავალება, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა სესიაზე არ გავიდეს, რაც საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიმართ უპატივცემულობას ნიშნავს“,- აღნიშნა მურმან დუმბაძემ.
დუმბაძემ ნინო გვენეტაძეს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ის კარგი კანდიდატია, თუმცა, მისი თქმით, აგრეთვე საუკეთესო კანდიდატები იქნებოდნენ შალვა შავგულიძე და ზაქარია ქუცნაშვილი. მურმან დუმბაძემ იურიდიული კომისიის სხდომაზე ქუცნაშვილის გამოუცხადებლობა იმით ახსნა, რომ ის თავადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატი იყო და „ალბათ ფსიქოლოგიურად გაჭირდა მისვლა“, თუმცა, მისივე თქმით, ის ვალდებულია, საკუთარ თავზე მაღლა დადგეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები