დავით უსუფაშვილი: სამივე მათგანი იყო კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობებიდან გადადგომას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა მისი ქმედებისა და საქმის ავ-კარგიანობით იზომება და არა პოლიტიკური კუთვნილებით.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშიძის გაწვევით რეგლამენტის მოთხოვნა შესრულდა.
“ჩემი სამივე კოლეგა თავის თანამდებობაზე მუშაობდა. ვიქტორ დოლიძე ახლა აქ უნდა იდგეს, რადგან დელეგაციის შემადგენლობაში იყო და მან სამწუხაროდ, წამოსვლაზე უარი თქვა. სამივე მათგანი იყო კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე. ისინი კარგად უძღვებოდნენ თავიანთ საქმეს. ვისურვებდი, რომ ისინი თავიანთ თანამდებობებზე დარჩენილიყვნენ.
მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ პარლამენტი არ არის მთავრობა, იმ აზრით, რომ პარლამენტი არ არის ყოველთვის ერთი პოლიტიკური ძალის ან ერთი კოალიციის წარმომადგენლების ასპარეზი. მთავრობაში, ერთი პოლიტიკური ძალის, ერთი კოალიციის წევრები არიან თანამდებობებზე, მაშინ, როდესაც პარლამენტში ყველა თანამდებობა არ არის დაკავშირებული ადამიანების პოლიტიკურ შეხედულებებთან. ვიცე-სპიკერის შემთხვევაში ჩვენს კანონმდებლობაში ჩანაწერი მკაფიოა, თუ როდის შეიძლება ოპოზიციას ჰყავდეს თავისი ვიცე სპიკერი. ამიტომ იყო, რომ უმრავლესობის მიერ ზურაბ აბაშიძის გამოწვევა მოხდა. ამით, პრაქტიკულად რეგლამენტის მოთხოვნა შესრულდა და ეს არ იყო არანაირი რეპრესიული ღონისძიება.
რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, მათი გადაყენების თაობაზე არანაირი სერიოზული მსჯელობა, არანაირი მსჯელობა არ გამართულა არც პოლიტსაბჭოზე, არც უმრავლესობის შიგნით. იყო გარკვეული კითხვები, მოსაზრებები, მაგრამ არანაირი სერიოზული მსჯელობა ამაზე არ გამართულა. მოთელვით მსჯელობებში, მეც და უმრავლესობის ძალიან ბევრი წარმომადგენელი თვლიდა, რომ ჩვენ საკითხი არ უნდა დაგვესვა ისე, რომ ისინი თანამდებობიდან წასულიყვნენ. ასე რომ, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა მისი ქმედების და საქმის ავ-კარგიანობით იზომება და არა პოლიტიკური კუთვნილებით. როგორც ჩანს კოლეგებმა მიიღეს სხვა გადაწყვეტილება, შესაძლოა ასეთ შემთხვევაში მათი პოლიტიკური საქმიანობა უფრო თავისუფალი და უფრო ეფექტური იყოს. მე მათ წარმატებებს უსურვებ იმ ასპარეზზე, სადაც მეტ ენერგიას დახარჯავენ. ისინი რჩებიან პარლამენტში და მე პირადად ვაგრძელებ მათთან ისეთივე ურთიერთობას, რაც მქონდა წლების განმავლობაში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
“თავისუფალმა დემოკრატებმა” საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. თანამდებობები დატოვეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები