ეკა ბესელია: უმრავლესობას გვენეტაძის კანდიდატურაზე შესაჯერებლად ერთი სხდომა არ ეყოფა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო გვენეტაძის მოსმენას ერთი სხდომა არ ეყოფა. როგორც დეპუტატმა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„შესაძლებელია დღეს ვერ მოხდეს შეთანხმება და სრულად ჩამოყალიბება. დღეს ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ ჯგუფებში და ალბათ, ეს კონსულტაციები მთელი კვირა გაგრძელდება. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია რამდენიმე შეხვედრა კიდევ დაგვჭირდეს,” – განაცხადა ბესელიამ.
ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობენ, მათ შორის არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო გვენეტაძის მხარდაჭერის საკითხიც.