ირაკლი სესიაშვილი: “თავისუფალი დემოკრატების” გადაწყვეტილება ბუნებრივია

უმრავლესობის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, „თავისუფალი დემოკრატების” დეპუტატების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დატოვება ბუნებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ შეგნებულად არ დააყენა საკითხი თანამდებობიდან მათი გადაყენების თაობაზე, რადგან ევროპული ღირებულებების საკითხში „თავისუფალი დემოკრატებისა” და მმართველი გუნდის პოზიციები არ განსხვავდებოდა.
„ჩვენ შეგნებულად არ დავაყენეთ მათი გადაყენების საკითხი, ვინაიდან მიგვაჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი გავიდნენ კოალიციიდან, ჩვენ ვიზიარებდით საერთო ღირებულებებს,” – განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, განცხადებები ევროპული კურსიდან გადახვევის თაობაზე საზოგადოებისა და მთავრობისათვის უკვე შეურაცხმყოფელი გახდა.
„ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით კითხვები შეურაცხმყოფელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ყველამ ძალიან კარგად იცის და, განსაკუთრებით, “თავისუფალმა დემოკრატებმა,” რომ დღევანდელი მთავრობა ხალხთან ერთად არის ევროპული არჩევანის მხარდამჭერი,” – განაცხადა დეპუტატმა.
დღეს “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში პარტიის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობები საკუთარი სურვილით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარემ დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები