კახა კალაძე: ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხი ამ ეტაპზე აქტუალური არ არის
აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტუაცია ნელ-ნელა დალაგდება – აჭარის რეგიონის უმაღლეს საბჭოში შექმნილ სიტუაციას ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
“აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტუაცია ნელ-ნელა დალაგდება. ყველაფერი კონტროლდება. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის გადაყენების საკითხი ამ ეტაპზე აქტუალური არ არის, თუმცა რომც დაისვას, მის გადაყენებას 14 ხმა სჭირდება, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” არ გააჩნია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
20 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. გადაწყვეტილებას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს. “ნაციონალური მოძრაობის” 8 ხმას კი “ქართული ოცნების” წევრების – ჯემალ ფუტკარაძის, სვეტლანა კუდბასა და უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ გასული მედეა ვასაძის ხმები დაემატა.