ირაკლი ალასანია: ჩვენ გავაკონტროლებთ ყველა იმ მიმართულებას, რომელიც კომიტეტებში გვებარა
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისმა თანაპარტიელებმა პარლამენტის კომიტეტები დატოვეს, კონტროლს მაინც გააგრძელებენ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც კომიტეტში ებარათ.
“ჩვენი პარტია – “თავისუფალი დემოკრატები”, ყოველთვის გამოირჩეოდა ერთობით, ერთსულოვნებით. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის, ეს იყო პრინციპი, რაც ჩვენ დავნერგეთ პოლიტიკაში და დამერწმუნეთ, ამას დავნერგავთ სახელმწიფო მართვაშიც, არც ერთი მოქალაქე ჩვენი არ იქნება ზურგშექცეული, ისევე იმ პრინციპით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ პოლიტიკაში. დღევანდელ მმართველ კოალიციას არ უნდა პროფესიონალი კადრები პარლამენტში, მათ მივეცით სადავეები, ჩვენ გავაკონტროლებთ მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტებში აღარ ვიქნებით, ყველა იმ მიმართულებას, რომელიც ჩვენ ამ კომიტეტებში გვებარა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
დღეს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში პარტიის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობები საკუთარი სურვილით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარე დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა დატოვეს.