დეპუტატები სამკერდე ნიშნებს ითხოვენ
პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დავით ლორთქიფანიძემ პარლამენტარის სამკერდე ნიშნის დამზადების საკითხი დააყენა. კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კი საკითხის ხაზინადართა საბჭოს სხდომაზე დაყენებას დაჰპირდა.
როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, სამკერდე ნიშნის დამზადება დიდ ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. საკითხის განხილვისას გაირკვა, რომ პარლამენტარის სამკერდე ნიშანი რამდენიმე დეპუტატმა პირადი ინიციატივით დაიმზადა. ფრიდონ საყვარელიძის თქმით, საკუთარი ხარჯებით დამზადებულ სამკერდე ნიშანს ატარებს და საკუთარი გადაწყვეტილებით სამკერდე ნიშნები კიდევ სხვებმაც შეიძინეს. საყვარელიძის თქმით, მინანქარში დამზადებული ვერცხლის თითო სამკერდე ნიშანი 50 ლარი ჯდება, რაც 150 პარლამენტარისათვის 7500 ლარზე მეტი არ იქნება.