“თავისუფალი დემოკრატების” მიერ თანამდებობების დატოვებას პარლამენტი ცნობად მიიღებს
სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას პარლამენტი ცნობად მიიღებს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადადგეს. შესაბამისი განცხადება პარლამენტის ბიუროს წარედგინება, რომელიც მას პარლამენტს გააცნობს. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად აღნიშნული განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან ითვლება. ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას გადადგომის შესახებ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ცნობად იღებს, რაც საოქმო ჩანაწერით ფორმდება.
რაც შეეხება კომიტეტის ახალი თავმჯდომარეების არჩევის საკითხს, ახალი თავმჯდომარის არჩევასაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობა სჭირდება და სათანადო გადაწყვეტილება ღია კენჭისყრით მიიღება. პარლამენტის რეგლამენტი კომიტეტის ერთზე მეტი თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობას იძლევა და ამის უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, იმ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს “თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარლამენტის კომიტეტებში დაკავებული თანამდებობები დატოვეს.