„საქართველოს ვერავინ უნდა უკარნახოს, როგორ იცხოვრონ ქართველებმა თავიანთ სამკვიდროში“
პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრნენ. როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს ვერასდროს ვერავინ უნდა უკარნახოს, თუ როგორ იცხოვრონ ქართველებმა თავიანთ სამკვიდროში.
“დღეს ჩვენ ვზეიმობთ სიძლიერეს ქართული სულისა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განამტკიცა და შეინარჩუნა ჩვენი ქვეყანა. კაცობრიობის ისტორია იწერება, როგორც ომების ისტორია, სადაც ერთი ძალა მეორეს ჯობნის ან პირიქით, თუმცა ისტორიაში არის ამ ისტორიის დაწერის სხვა ფორმაც, როგორც ვაჟკაცობის და სამშობლოსთვის თავდადების ზეობის. ამ თვალსაზრისით, შეიძლება წააგო ომი, მაგრამ მაინც გაიმარჯვო და მაინც დათრგუნო მტერი შენი თავდადებით, ვაჟკაცობით და სულიერი ძალით. როდესაც ჩვენ წავაგეთ ის ბრძოლები, რომლებმაც საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობას ბოლო მოუღო, იუნკერთა გმირობამ ჩააგდო ფესვი, რომელმაც მერე მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც არასდროს არ ჩამკვდარა. ფესვი, რომელიც ყოველთვის ღვივის და ფესვი, რომელი ჩვენ სამშობლოს ყოველთვის დამოუკიდებლობას, სიძლიერეს და მომავლისკენ გახედვის შესძლებლობას აძლევს.
დღეს ჩვენ, დღევანდელი სახელმწიფოს წარმომადგენლები ვეუბნებით მათ მადლობას, რადგან მათმა გმირობამ მისცა მერე ეროვნულ მოძრაობასაც გაუტეხელობა სულისა და იმ გამარჯვებისაც, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მიიყვანა. ამ გამარჯვებებს, რა თქმა უნდა, აქვს კიდევ მომავალი. საქართველო უნდა გამთლიანდეს, საქართველო უნდა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და საქართველოს ვერასდროს, ვერავინ ვერ უნდა უკარნახოს, როგორ უნდა იცხოვრონ ქართველებმა თავის სამკვიდროში, რომელსაც მრავალი საუკუნეა იცავენ, ეფერებიან და უვლიან. ამიტომ დღეს ვიხსენებთ წარსულს, მაგრამ დღესვე გვიჩნდება მტკიცე ნება და ხედვა იმისა, რომ საქართველო იქნება მთლიანი ძლიერი და სუვერენული. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე”,- განაცხადა პრეზიდენტმა.