დავით ნარმანია: გივი ჭიჭინაძე დააკლდა ვაკის რაიონს
თბილისის მერის განცხადებით, ვაკის რაიონის გამგებელი გივი ჭიჭინაძე ღირსეული გამგებელი იყო და დააკლდა ვაკის რაიონს. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ვაკის რაიონის გამგებელთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.
“გივი ჭიჭინაძის სახით იმერეთის რეგიონმა ძალიან ღირსეული გუბერნატორი შეიძინა. რაც შეეხება ვაკის გამგებლის კანდიდატურას, თუ ვინ იქნება გამგებელი, გაიმართება კონსულტაციები და მოგვიანებით წარმოვადგენთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ვაკის რაიონის უკვე ყოფილი გამგებელი გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ჭიჭინაძის კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტის წევრებს დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.
“გუშინ იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა მოგვმართა გადადგომის მოთხოვნით. მინდა შემოგთავაზოთ ახალი გუბერნატორის კანდიდატურა. ეს გახლავთ გივი ჭიჭინაძე, რომელიც ამჟამად არის ვაკის რაიონის გამგებელი. თუ არ გაქვთ რაიმე საწინააღმდეგო, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ”, – განაცხადა პრემიერმა სხდომაზე.