რატომ დატოვეს “თავისუფალმა დემოკრატებმა“ კომიტეტები – პარტია განცხადებას ავრცელებს
„თავისუფალი დემოკრატები“ მათ მიერ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობების დატოვების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში გააგრძლებენ საქმიანობას, რათა ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი და გააზრებული ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანისა და ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
“ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრირებას ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებასა და საგარეო -პოლიტიკური საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელ ქმედებებზე.
მიუხედავად “თავისუფალი დემოკრატებისა“ და პერსონალურად პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ოთხი თვის უკან წამოწყებული პოლიტიკური დაპირისპირებისა, რაც გამოიხატა თავდაცვის სამინისტროს უდანაშაულო თანამშრომლების დაკავებასა და პარტიის წევრების წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მაშტაბით განხორციელებულ მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნაში, ჩვენ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პარტიული ინტერესები გვერდზე გადავდეთ და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაინც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებით გაგვეგრძელებინა საგარეო თუ საშინაო მიმართულებებზე სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინაშე ჯერ კიდევ კოალიციურ რეჟიმში ნაკისრი ვალდებულებების რეალიზება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ გაათვითცნობიერა ვერცერთი ზემოაღნიშნული გამოწვევის სიმწვავე და მნიშვნელობა და ნაცვლად მათზე რეაგირებისთვის პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსოლიდაციისა, არჩევანი შიდაპოლიტიკური ბრძოლის სასარგებლოდ გააკეთა. ბოლო პერიოდში „ოცნების“ მიერ მიღებულ მცირერიცხოვან გადაწყვეტილებათაგან ერთ-ერთი სწორედ თავისუფალი დემოკრატის ზურაბ აბაშიძის ვიცე – სპიკერის თანამდებობიდან გადაყენება აღმოჩნდა. ამასთანავე, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული უაღრესად საგანგაშო განცხადებები გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება, ამოფარებული ომახიან დეკლარაციებს ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ურყევობის შესახებ, მიზანმიმართულად ახორციელებს რუსეთის მისამართით კაპიტულანტური შინაარსის გზავნილების გაჟღერებას. სრული საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ განცხადებები და მათ მოკლე დროში ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯების გადადგმა მოყვება.
საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ერთგულებაზე გაკეთებული განცხადებების ხელახალ დადასტურებასთან და, მეორე მხრივ როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-სთან მიღწეული შეთანხმებების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გაჭიანურებასა და რუსეთთან პირისპირ დარჩენის ძალიან სახიფათო, ძალიან დინამიურად მიმდინარე პროცესთან. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ასეთი მიდგომა ქვეყნისთვის დამღუპველი და, შესაბამისად, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ჩვენ მიერ პარლამენტში დაკავებული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები და კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და ვაიძულოთ ხელისუფლება, სასწრაფოდ გადადგას ქმედითი და გააზრებული ნაბიჯები ქვეყნის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანისა და ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით“,-აღნიშნულია განცხადებში.